მარჯანიშვილზე გადაღებულ ვიდეოში საქართველოს მოქალაქეები არიან, სამართალდარღვევა ჯარიმას ითვალისწინებს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს შესახებ, რომელშიც ორი პირის სექსუალური ხასიათის ქცევაა ასახული, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

შსს-ს ცნობით, სამართალწარმოების ფარგლებში, ვიდეოში ასახული პირები დაადგინეს. ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.