მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა - აქციაზე დაშავებულის მეუღლე

პუბლიკა

ზაზა ბირიაშვილი პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავდა და მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.

მისმა მეუღლემ, მაია გორგოშიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია – მხედველობის დაკარგვის გარდა, აქვს ტვინის შერყევა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

მაია გორგოშიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე აქციაზე პროტესტის ნიშნად წავიდა 7 მარტს. 8 მარტს კი, გამთენიისას, როცა აქციის დარბევა დაიწყო მძიმედ დაშავდა.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა, თვალი შეუნარჩუნეს, მაგრამ მხედველობა ვეღარ. აქვს ტვინის შერყევა, წარბი აქვს გადაგლეჯილი, სავარაუდოდ მოწამვლაც არის, ძალიან ცუდად არის. ახლა კი გაგვწერეს და სახლში მივდივართ, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანი გავიდა სახლიდან და დაბრმავებული მიმყავს სახლში“, – ამბობს მაია გორგოშიძე.

მისი თქმით, მისი მეუღლე მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალში“ გადიოდა, დღეს კი გამოწერეს. მისივე თქმით, ოპერაციის ხარჯების ასანაზღაურებლად ხელშეკრულება გააფორმეს, რომ თანხას ერთ თვეში დაფარავენ.

„სავარაუდოდ გამგეობაში შევიტან [განცხადებას თანხის მოთხოვნაზე]. საყოველთაო დაზღვევამ დაფარა ნაწილი, ამ წუთში არ მქონდა რომ სრულად გადამეხადა, წამლებიც მჭირდება სახლში რომ წავალთ, დამატებით ექიმის, ნევროლოგის კონსულტაცია გვჭირდება“, – უთხრა პუბლიკას მაია გორგოშიძემ.

დღეს შს სამინისტროს მიერ გამართულ ბრიფინგზე თეიმურაზ კურტანიძემ განაცხადა, რომ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით საპროტესტო აქციაზე დაშავებულების მიმართ უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამატებაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება დაწყებული აქვს და „ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში იქნება შესაბამისი რეაგირება.“

თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევდა.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.

მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები. პარლამენტის პლენარული სხდომა 10 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს.