მარკ რუტე: დასავლური ჯარების უკრაინაში განთავსება უკრაინის გადასაწყვეტია და არა რუსეთის

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ამბობს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების განთავსება უკრაინის გადასაწყვეტია და არა რუსეთის.

დღეს, 4 სექტემბერს, ევროპელი და უკრაინელი ლიდერები პრაღაში არიან თავდაცვის სამიტზე და უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგ დასავლეთის მხრიდან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მსჯელობენ.

მარკ რუტეს  განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინს ხმის უფლება არ უნდა მისცენ.

„რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, შეიძლება თუ არა დასავლური ჯარების გაგზავნა უკრაინაში ომის დასრულების ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.

რატომ გვაინტერესებს, რას ფიქრობს რუსეთი უკრაინის შესახებ? უკრაინა სუვერენული ქვეყანაა და რუსეთზე არ არის დამოკიდებული, რას გადაწყვეტს უკრაინა. ფინეთს რუსეთისთვის არ უკითხავს ნებართვა NATO-ში გაწევრების შესახებ. ჩვენ სუვერენული ქვეყნები ვართ და თუ უკრაინას სურს უსაფრთხოების ძალები მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ეს მათი გადასაწყვეტია”. – განაცხადა მარკ რუტემ.

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მუშაობა აგვისტოში თეთრ სახლში ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ დაჩქარდა. ამ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ უკრაინას ამ მისიის შესრულებაში დაეხმარება, თუმცა იქ ამერიკული ჯარების განთავსება გამორიცხა.

„დონალდ ტრამპმა იცის, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება და ის ამას აკეთებს: არ იმეორებს ბუდაპეშტს, არ იმეორებს მინსკს”. – თქვა მან. 1994 წელს ბუდაპეშტში მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ შეიარაღებაზე რუსეთისგან, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ისგან ტერიტორიული გარანტების სანაცვლოდ. მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კი 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მოჰყვა. რუსეთი ყველა ამ შეთანხმებას არღვევს.

ვლადიმირ პუტინი ერიდება უკრაინასთან შეთანხმებას და უკრაინული ქალაქების დაბომბვას განაგრძობს.

რუსეთისთვის ასევე მიუღებელია დასავლური ჯარების განლაგება უკრაინაში.

რუტე ამბობს, რომ ალიანსმა გადაჭარბებულად არ უნდა შეაფასოს როგორც რუსეთის ძალა, ისე მისი ეკონომიკა, რომელიც „ტექსასის ეკონომიკას არ აღემატება”.

„უნდა შევწყვიტოთ პუტინის ძლევამოსილად ქცევა. ის ტექსასის გუბერნატორია და მეტი არავინ. ნუ მივიღებთ მას ზედმეტად სერიოზულად”. – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.