მარკ რუტე პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვია

პუბლიკა

NATO-ს ახალი გენერალური მდივანი, მარკ რუტე პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვია და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

10-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა გუშინ, 2 ოქტომბერს ოფიციალურად დატოვა. მის ნაცვლად პოსტი ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ დაიკავა.

რუტემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა უკრაინის მიმართ და აღნიშნა, რომ არ ღელავს აშშ-ის მოახლოებულ არჩევნებზე, რადგან ორივე კანდიდატთან შეუძლია თანამშრომლობა.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო”, – განაცხადა მარკ რუტემ.

ალიანსის ყოფილ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ოქტომბერში ამოეწურა – ის ალიანსს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა და მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა.