„განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები“ - მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სატელეფონო საუბრის შესახებ მოგვიანების გაავრცელა ინფორმაცია ირაკლი კობახიძემ. მან მარკო რუბიოსთან საუბარს „ნაყოფიერი“ უწოდა.

„ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან.

ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას.

ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ”, – დაწერა ირაკლი კობახიძემ X-ზე.


2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა,  მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი“, – წერდა სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში.

სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და „ოცნების“ არაერთ წარმომადგენელს.