მარკო რუბიო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის შეხვდა

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვაშინგტონში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის შეხვდა.

რუბიოს თქმით, შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომი და ნატო-ს მოკავშირეების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის საჭიროება განიხილეს.

„შევხვდი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის, რათა გვესაუბრა, თუ როგორ შეიძლება, აშშ-პოლონეთის ურთიერთობამ უკეთესი სარგებელი მოუტანოს როგორც ამერიკელ, ისე პოლონელ ხალხს – განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ბაზარზე სამართლიან და ორ მხრივ წვდომას.

ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომი და NATO-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების დაუყოვნებლივ ზრდის აუცილებლობა”, –  დაწერა რუბიომ X-ზე.

თავის მხრივ, სიკორსკიმ მარკო რუბიოს მადლობა გადაუხადა „კარგი საუბრისთვის ჩვენს მჭიდრო ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაზე“.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეკითხვა დაუსვა, ესმის თუ არა ვაშინგტონის მოლაპარაკებების ტაქტიკა უკრაინასთან დაკავშირებით, რაზეც სიკორსკიმ თქვა, რომ შეკითხვა ამერიკული მხარისთვისაა, თუმცა აღნიშნა, „დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აშშ გრძელვადიანი მშვიდობის ერთგულია“.

მან არ გააკეთა კომენტარი შეკითხვაზე, თუ რა უთხრა მარკო რუბიომ მას საუდის არაბეთში გამართულ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე.