აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 25 მარტს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შეხვდა, რომელთანაც უსაფრთხოებისა და ვაჭრობის საკითხები განიხილა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ტამი ბრიუსის განცხადებით, რუბიომ თურქეთს უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ნაწილში მხარდაჭერა სთხოვა.
„მან დააფასა თურქეთის ლიდერობა ISIS-ის დამარცხების გლობალურ კოალიციაში და გაიმეორა მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა სტაბილური, ერთიანი, მშვიდობიანი სირიის მხარდასაჭერად, რომელიც არც საერთაშორისო ტერორიზმის საფუძველი იქნება და არც ირანის საქმიანობის გამტარი”. – განაცხადა ტამი ბრიუსმა.
მისივე განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა ამავდროულად შეშფოთება გამოხატა თურქეთში საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებებთან დაკავშირებით.
მარკო რუბიო ასევე ელაპარაკა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
მათ, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ტელეფონით საუბრისას განიხილეს აშშ-ისა და სომხეთის საერთო ინტერესები.
„სახელმწიფო მდივანი მიესალმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმებას, ხაზი გაუსვა გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონული კონფლიქტის ციკლის გასაწყვეტად და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფო მდივანი და პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის ნებისმიერი ფორმით ესკალაცია მიუღებელია”. – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.