მარკვეინ მალინი დონალდ ტრამპმა შიდა უსაფრთხოების მდივნის პოსტზე დაასახელა

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი და მის ადგილას ოკლაჰომის რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი დაასახელა.

ტრამპის განცხადებით, მალინი თანამდებობას 31 მარტს დაიკავებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას უყვარს „მალინის ყურება ტელევიზორში“ და რომ ის „მალინს ურეკავდა და აქებდა მწვავე ინტერვიუების შემდეგ“.

სენატორი მარკვეინ მალინი „მეგობარი აქტის“ მიღებას აფერხებდა. ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს მიერ 2025 წლის სექტემბერში გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი იყო იმ ორი სენატორიდან, რომლებმაც ხელი შეუშალეს MEGOBARI ACT-ის ჩართვას აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA).

„მეგობარი აქტი“ გულისხმობს სანქციების დაწესებას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის, დემოკრატიული უკუსვლისა და რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაახლოების გამო. ამჟამად კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია.

გამოცემა The Hill-მა 2026 წლის იანვარში გამოქვეყნებულ სტატიაში მარკვეინ მალინი მიუთითა სენატორად, რომელმაც MEGOBARI ACT-ის მიღება დაბლოკა.

ოკლაჰომელი სენატორი მარკვეინ მალინი წარსულში „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. კერძოდ, 2020 წლის მაისში მან აშშ-ის მაშინდელ სენატორ მაიკ პომპეოს მიმართა წერილით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილ პირებთან აქვს კავშირები“.

მარკვეინ მალინი ბიძინა ივანიშვილს „რუსეთში გაწვრთნილ ოლიგარქს“ უწოდებდა.

2020 წელსვე მან მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაუგზავნა ღია წერილი, რომელშიც „ოცნების“ ხელისუფლება „ფრონტერას“ მაგალითზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის გაუარესებული ეკონომიკური კლიმატისა და გაუარესებული დემოკრატიისთვის გააკრიტიკა.

„ფრონტერა“ ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან დედოფლისწყაროსა და მარნეულში მუშაობდა. ამერიკელი პოლიტიკოსები „ფროტერას“ მაგალითზე საქართველოს ხელისუფლებას უცხოური ბიზნესის შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.

იანვარში გამოქვეყნებულ სტატიაში The Hill წერდა, რომ რესპუბლიკური პარტიის დონორი და ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ ტექსასელი ხელმძღვანელი ლობირებს „მეგობარი აქტის“ – ორპარტიული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში პრორუსი და ანტიდემოკრატიული ჩინოვნიკების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

სტატიის თანახმად, სტივ ნიკანდროსმა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, 2026 წლის იანვარში წერილი გაუგზავნა სულ მცირე ერთ რესპუბლიკელ კონგრესმენს ხმის „მეგობარი აქტის“ (MEGOBARI Act) წინააღმდეგ მიცემის თხოვნით.

The Hill-ის სტატიის მიხედვით, წერილში ნიკანდროსი წერს, რომ მისი კომპანია საქართველოში ახალი, 100 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროგრამისთვის ემზადება, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ის ამტკიცებს, რომ „მეგობარი აქტი“ და თბილისის წინააღმდეგ მიმართული სხვა სანქციები ზიანს მიაყენებს საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს.

The Hill აღნიშნავს, რომ სტივ ნიკანდროსმა გაიღო თანხა როგორც მარკვეინ მალინის, ისე სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლების საარჩევნო კამპანიებისთვის.

სექტემბერში მალინმა The Hill-ს განუცხადა, რომ მისი წინააღმდეგობა „მეგობარი აქტის“ მიმართ ნიკანდროსთან დაკავშირებული არ ყოფილა. 2020 წელს მალინი ლობირებდა ნიკანდროსის ერთ-ერთ კომპანიას, „ფრონტერა რესურსებს“ (Frontera Resources), საქართველოს მთავრობასთან დავის დროს.

The Hill იხსენებს, რომ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მაიკ ჯონსონმა 2025 წლის ბოლოს სცადა, „მეგობარი აქტი“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) ჩაერთო, მაგრამ მას სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა ჯონ თიუნმა შეუშალა ხელი.