მარნეულიდან და ბოლნისიდან გადმოყვანილ ახალშობილებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

პუბლიკა

„პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში” მარნეულიდან და ბოლნისიდან გადმოყვანილი ორი ჩვილის ანალიზის პასუხები მიიღეს. კლინიკის ხელმძღვანელის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, ჩვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ამავე კლინიკაში იმყოფება ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი. ლალი ტურძელაძე „პუბლიკასთან” საუბრისას ამბობს, რომ ის სტუდენტია და ჰყავს მეგობარი, რომელიც ავსტრალიაში წავიდა და იქ დაუდგინდა კორონავირუსი.

„პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმე ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმის თქმით, დამაკმაყოფილებელია. ისევ მძიმედ რჩება იმ ორი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც სასუნთქ აპარატზე არიან შეერთებულები.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით 85 ადამიანია ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 14 ადამიანი.