მარნეულიდან გადმოყვანილ 62 წლის ქალთან სასიცოცხლო პარამეტრები ნარჩუნდება - რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში 59 პაციენტია მოთავსებული, აქედან კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა აქვს 12 მათგანს.

„12-ის მდგომარეობა ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით უარყოფითი დინამიკის გარეშეა, თუ არ ჩავთვლთ 80 წლის ქალბატონს (ე.წ. რომანოვების კლასტერი), რომელთანაც ამ ეტაპზე სუნთქვის უკმარისობა გამოიხატა და ინტენსიური განყოფილებიდან რეანიმაციულ განყოფილებაში ადის”, – აცხადებს ის.

რაც შეეხება მარნეულიდან გადმოყვანილ 62 წლის ქალს, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება კრიტიკული, მაგრამ ექიმის თქმით, მიაღწიეს იმას, რომ ვიტალური, ანუ სასიცოცხლო პარამენტები ამ ეტაპამდე ნარჩუნდება.

რაც შეეხება მარნეულიდან გადმოყვანილ 62 წლის ქალის ოჯახის წევრებს, კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძის აღნიშნავს, რომ ოჯახის 4 წევრის მდგომარეობა სტაბილურია.

„ერთი ახალგაზრდა ბიჭია, სამი ქალბატონია. 55-ის, 25-ის, 18-ის და 16 წლის არიან. დედის და ორი შვილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ნათესავი ქალბატონის – უფრო მსუბუქი”, – ამბობს ის.

stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 73-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 055 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 252.