„რადიო მარნეულის“ ცნობით, მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ბიჭი სავარაუდოდ თრომბით გარდაიცვალა.
„ავერსის“ კლინიკის თანამშრომელმა, რომელიც ანონიმურობის დაცვის გარანტით ჩაწერა „რადიო მარნეულმა“ აცხადებს, რომ 23 წლის ექიმი კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელების შემდეგ კლინიკაში მეორედ იყო სმენაში.
რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით ექიმი გარდაცვლილი საავადმყოფოს საპირფარეშოში იპოვეს.
გარდაცვლილი ექიმის შესახებ ინფორმაცია “სოლიდარობის ქსელმაც” გაავრცელა. ფეისბუკზე მათ დაწერეს, რომ 23 წლის ექიმი გიორგი ბუაძე იყო, რომელიც მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში სამუშაო მოვალეობის დროს გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე განმარტებები არ გაკეთბეულა კლინიკის მხრიდან.
შსს-ში კი აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„მან „კორონავირუსი“ გადაიტანა და სამუშაოზე დაბრუნდა. თუმცა, სამი დღე გადაბმული და გადატვირთული მუშაობის შემდეგ ის კოლეგებმა გარდაცვლილი იპოვნეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბოემბოლია სახელდება. ჩვენი ინფორმაციით, კადრების ნაკლებობის გამო მას უწევდა ექთნის და სანიტარის ფუნქციების შეთავსებაც, რაც აათმაგებდა მის სამუშაო დატვირთვას”, – წერს „სოლიდარობის ქსელი”.