მარნეულსა და ბოლნისში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ იზღუდება – კალანდაძე

პუბლიკა

სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენის უფროსი თენგიზ კალანდაძე „ტვ პირველთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საკარანტინო ზონებში – მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ იზღუდება.

„მარნეულსა და ბოლნისში მუშაობა არ შეზღუდულა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად წარმოების მიზნით, სასუქებისა და შხამ-ქიმიკატების მიწოდება არ შეიზღუდოს, ასევე ამ სამუშაოების დროს მუშების გადაადგილება არ იყოს შეზღუდული, ანუ გარეთ მუშაობისას ვირუსის გადადების რისკი არის მინიმალური.  მაგალითად, ტრაქტორის ვულკანიზაციაც კი ჩავწერეთ იმ საწარმოთა ნუსხაში, რომელთაც უფლება ექნებათ, განაგრძონ მუშაობა. ჩვენ ვიცით, რომ ქვემო ქართლი, კახეთის მერე, „ბეღელია“ პრაქტიკულად მთელი საქართველოსთვის, ამიტომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არ შეფერხებულა.“

მისივე თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ხშირად ისმის კითხვა, რამდენად უსაფრთხოა მარნეულიდან და ბოლნისიდან შემოტანილი ხილი და ბოსტნეული – „მინდა, დავამშვიდო ყველა, რომ არანაირ საფრთხეს არ შეიცავს“.

„(მარნეულიდან და ბოლნისიდან შემოტანილ) პროდუქციასთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული ზომები არ მიგვიღია. ასეთი პრაქტიკა არ ყოფილა არსად სხვა ქვეყანაში. ჩვეულებრივად, ჩვენი სამსახურები განაგრძობენ მუშაობას, რომ პროდუქცია დახლებზე იყოს შესაბამის ტემპერატურაზე, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვით.

ასევე, გავეცით რეკომენდაცია, რომ მარკეტების შესასვლელში მოთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები, ერთჯერადი პირბადე და ხელთათმენები – თავდახურულ ურნებში, ეს ზოგადი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის ტემპერატურის რეჟიმის დაცვა არის ის რეკომენდაციები, რაც გვაქვს.“