სათემო რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, მარნეულის სოფელ დამია გეორარხში N18 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დაიკარგა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მას შემაჯამებელი ოქმი მოპარეს. რადიოს ინფორმაციით, ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
კომისიის თავმჯდომარემ, ელზა ლურსამანაშვილმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ ჟურნალი და ოქმები მან უბნის თავმჯდომარეს გადასცა, რომელმაც ისინი პოლიციის თანხლებით მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში წაიღო.
„როცა ჩავიდნენ მარნეულში, იქიდან დამირეკა, ოქმი შენ ხომ არ გაგყოლია შემთხვევითო. არა-თქო ვუთხარი, არ გამყოლია. ზუსტად ვიცოდი, რომ მას მივეცი და კიდევ ერთხელ გადავამოწმე. რა მოხდა, აზრზე არ ვარ. უბნის თავმჯდომარე ელდარ ისაევი უბანზე დაბრუნდა ოქმის მოსაძებნად, თუმცა ვეღარ იპოვა“, – ამბობს ელზა ლურსმანაშვილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 20:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 1 970 540 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 56.11%-ია. ამჟამად ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.