დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სავარაუდოდ, ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან მოსახლეობის დაშინების შესახებ.
დეპუტატი წერს, რომ შეხვდა სოფელ მეორე ქესალოს მცხოვრებლებს, რომლებიც შეშინებულები არიან, რადგან დაახლოებით 14 დღეა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში დადიან, სავარაუდოდ, ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც ქვებს ესვრიან სახლებს, უთვალთვალებენ ადამიანებს და სხვადასხვა მეთოდით აშინებენ სოფლების მოსახლეობას.
როგორც დეპუტატი წერს, ადგილობრივები განმარტავენ, რომ მათ არაერთხელ მიმართეს სამართალდამცავებს, თუმცა რეაგირებას ვერ ხედავენ.
„რამდემიმე წუთის წინ დაგვირეკეს სოფელ პირველ ქესალოდან და ამაღამაც იგივე ფაქტი განმეორდა. ადგილობრივების ნაამბობიდან ირკვევა, რომ პირები ვინც შეამჩნიეს არიან სპორტული აღნაგობის. გამოირჩევიან სპეციალლური უნარებით. მათ შეუძლიათ დროულად მიმალვა. მოქმედებენ ღამით. შეამჩნიეს, რომ არიან შეიარაღებულნი. დადიან გრძელი წვერით. ვფიქრობ, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია. დავურეკე ადგილზე მოქმედ პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს. მათი განმარტებით, მიმდინარეობს გამოძიება. მდგომარეობა ძალიან რთულადაა. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინეთ რეაგირება“, – წერს დეპუტატი.
შეშინებული და შეწუხებული მოსახლეობის შესახებ წერს აქტივისტი სამირა ბაირამოვაც. ის დეპუტატ ტარიელ ნაკაიძესთან ერთად იმყოფებოდა მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ბაირამოვა აღწერს, რომ მოსახლეობა შეშინებულია, სავარაუდოდ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ. ის ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, რომელზეც ჩანს, რომ მოსახლეობა შუაღამით დამნაშავეების დაჭერას ცდილობს.
იმის გასარკვევად, თუ რა მუხლითაა დაწყებული გამოძიება და რა ეტაპზეა საგამოძიებო მოქმედებები, „პუბლიკას“ დაუკავშირდა შსს-ს, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებდენ და მოგვაწვდიან. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
„პუბლიკა“, ასევე, დაუკავშირდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურს. მათი ინფორმაციით, საქმეში ჩართულია საგამოძიებო უწყება და იმისა გარდა, რასაც მოსახლეობა ჰყვება, დამატებით ვერაფერს გვეტყვიან.
რას უყვება მოსახლეობა ადგილობრივ მედიას
ადგილობრივი მედია „რადიო მარნეული“ წერს, რომ უკვე ერთი თვეა, მარნეულის რამდენიმე სოფლის – პირველი და მეორე ქესალოს, კაპანახჩის, ილმაზლოსა და ქეშალოს – მოსახლეობა ეძებს დაუდგენელ პირს, რომელიც, „როგორც თავად ამბობენ, სახლის სახურავებზე ადის, ფანჯრებს ქვებს ესვრის, კარზე აკაკუნებს და შემდეგ ქრება.“
„სიმართლე გითხრათ, არავინ იცის, რა ხდება. ვიღაც კარზე აკაკუნებს და მერე ქრება. აი, გუშინაც აქ სახლში ქვები ისროლეს. ორ წუთში მთელი სოფელი აქ იყო და ამ ხალხს ვეძებდით, მაგრამ მერე გავიგეთ, რომ სხვა უბანზეც ზუსტად იგივე მოხდა და იქ წავედით, მაგრამ იქაც არავინ იყო. ვერ გავიგეთ, რა ხდება. ვინ ან რა აკეთებს ამას. ჩვენ სოფელში, მეორე ქესალოში, უკვე ნახევარი თვეა, რაც ასე ხდება. ჩვენ ვერაფერს ვფიქრობთ, არავინ ჩანს, უბრალოდ ვიღაცა ხალხს აწუხებს. მაგალითად, მე დავინახე ერთ ეზოში ადამიანის სილუეტი, მივედი, მაგრამ არავინ დამხვდა. ჩემი მეზობლის კარზე აკაკუნებდნენ, კარი უცბად გააღო, მაგრამ მასაც არავინ დახვდა. არ ვიცი, ვის რაში უნდა სჭირდებოდეს ასეთი მოქცევა“. – ამბობს მეორე ქესალოში მცხოვრები 72 წლის კაცი, „რადიო მარნეულთან“.
„რადიო მარნეულის“ ცნობით, მეორე ქესალოს მოსახლეობის განცხადებით, კარზე კაკუნი და ქვების სროლა სოფელში საღამოს 9 საათის შემდეგ იწყება და ღამის 1-2 საათამდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში მოსახლეობა (ძირითადად, ახალგაზრდები) გარეთაა და ცდილობენ, ვინმე „დაიჭირონ”, მაგრამ მცდელობები ამ დრომდე უშედეგოდ მთავრდება. ადგილობრივებთან ერთად სავარაუდო კანონდამრღვევს პოლიციაც ეძებს.
მოსახლეობის მონაყოლზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად კარზე კაკუნი, ქვების სროლა და სახურავებზე ასვლა სოფელ ილმაზლოში დაიწყო, სადაც რამდენიმე სახლი გაძარცვეს კიდეც. მათივე ცნობით, სოფელ ილმაზლოში ორი სახლი გაძარცვეს, ორივე სახლი დროებით დაკეტილი იყო და მეპატრონეები საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ.
„დაახლოებით 10 დღის წინ დააკავეს სოფელ ქეშალოში კაცი, რომელმაც აღიარა, რომ ჩემი და მეზობლის სახლი გაძარცვა. სიმართლე გითხრათ არ ვიცი ეს ამბავი რამდენად უკავშირდება ამ დაშინების შემთხვევებს. ეს კაცი რომ დააკავეს სახლებზე კაკუნი და ქვების სროლა მერეც გრძელდებოდა და სავარაუდოდ ეს კაცი ამასთან კავშირში არაა“, – უთხრა „რადიო მარნეულს“ სოფელ ილმაზლოს მკვიდრმა.
როგორც აღნიშნულ მასალაში ვკითხულობთ, ადგილობრივები ხშირად იძახებენ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს და მათთან ერთად ეძებენ კაკუნისა და ქვების სროლის გამომწვევ პირებს, მაგრამ ამ დრომდე სოფლებში დამნაშავეები არ დაუჭერიათ. მათივე ცნობით, მოსახლეობა დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს და სოფლებში ღამის ხედვის კამერების დაყენების სურვილს გამოთქვამს, რომლებიც, როგორც თავად ამბობენ, იმედია, დამნაშავეებს დააფიქსირებს.