მარნეულში ამომრჩეველმა ორჯერ მისცა ხმა, მესამედ ვეღარ შეძლო - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) არჩევნების დღის დაკვირვების შედეგებს განახლებადი ბლოგის საშუალებით ავრცელებს.

ორგანიზაციის დაკვირვებით, 10 საათისთვის დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:

10:11 – ახალციხის 37-ე საოლქო კომისიის #27 უბანთან ამომრჩეველი მობილიზებული იყო 100 მეტრის დისტანციის დარღვევით. მივმართეთ პატრულს ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად.

10:02 – ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის #41 უბანზე მოქალაქე იმყოფებოდა სამკერდე ნიშნის გარეშე. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ მას დაატოვებინა ტერიტორია. დავწერეთ საჩივარი.

09:52 – მარნეულის 22-ე საოლქო კიმისიის #13 უბანზე ამომრჩეველმა დილით მისცა ხმა, შემდეგ 09:52-ისთვის ისევ მივიდა უბანზე და კვლავ მისცა ხმა, მალევე მესამედაც შებრუნდა, ჩვენმა დამკვირვებელმა დაიწყო დარღვევის გადაღება რა დროსაც ერთ-ერთი დამკვირვებელი მივარდა ამ ამომრჩეველს, გამოგლიჯა ბიულეტენები (ეს მომენტი არის გადაღებული), მესამეჯერ ვეღარ მისცა ხმა და დატოვა უბანი. დავწერეთ საჩივარი.

09:42 – ახალქალაქის მე-40 საოლქო კომისიის #63 უბანთან ამომრჩეველი მობილიზებული იყო 100 მეტრის დისტანციის დარღვევით. მივმართეთ პატრულს ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად

09:36 – თელავის 17-ე საოლქო კომისიის #6 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი მიჰყვებოდა კაბინაში ამომრჩეველს, ჩვენმა დამკვირვებელმა გააპროტესტა შემთხვევა და ცდილობდა ფაქტის ფოტოგადაღებას, რისი საშუალებაც კომისიის წევრებმა არ მისცეს და დაემუქრნენ გაძევებით.  მას შემდეგ, რაც კაბინაში ვერ შეჰყვა ამომრჩეველს, დამკვირვებელმა მას კაბინაში მიაწოდა თავისი ტელეფონი. დავწერეთ საჩივარი.

09:36 – დმანისის მეჩვიდმეტე საოლქო კომისიის #6 უბნიდან 100 მეტრის რადიუსში იდგნენ პირები, რომლებიც აგრესიულები იყვნენ ჩვენი დამკვირვებლის მიმართ, ფოტოგადაღების შემდეგ მოსთხოვეს ტელეფონის გადაცემა, თუმცა პატრულის გამოძახების თაობაზე გაფრთხილების შემდეგ, დატოვეს ტერიტორია.

09:36 – დმანისის 24-ე საოლქო კომისიის #43 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კაბინის გარეთ მისცა ხმა, კომისიამ არ მიუთითა კაბინაში შესვლისკენ; მეორე ეპიზოდში, კომისიის წევრი კაბინაში შესულ ამომრჩეველს ჩუმად ესაუბრებოდა. ორივე შემთხვევაში დავწერეთ საჩივარი.

09:28 – ფოთის 70-ე საოლქო კომისიის #33 საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის” წარმომადგენელი კაბინაში შეჰყვა ამომრჩეველს. საჩივარი დავწერეთ თავმჯდომარისა და დამკვირვებლის მიმართ.

08:00 – ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები გახსნილია.

ორგანიზაციის განახლებად ბლოგს გაეცანით ბმულზე.