მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

პუბლიკა

„რადიო მარნეულის” ცნობით, მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯათ – გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ წითლაურმა გამოაცხადა.

როვშან და ეთიბარ ისკანდაროვებს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (3) მუხლით, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობდა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.

არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩაყარეს – ვიდეოში ჩანს, რომ ისინი სადახლოს გამგებელმა როვშან ისკანდაროვმა ჩაყარა. მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 26 ოქტომბერს დაიწყო. მომხდარზე 2 პირი 31 ოქტომბერს დააკავეს.