მარნეულში დაკავებული 6 სამოქალაქო აქტივისტის პროცესი 19 მაისამდე გადაიდო. ისინი სასამართლომ გაათავისუფლა.
მარნეულის მერიასთან ხმაური და დაპირისპირება გიორგი მუმლაძის ძმის, სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის მოთხოვნას მოჰყვა.
მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელმა საწარმომ სიმონ მუმლაძეს ხელშეკრულება 26 აპრილის შემდგომ აღარ გაუგრძელა. სიმონ მუმლაძე აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმაა. გიორგი მუმლაძე მისი ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. შპს მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს 100%-ის მფლობელი მარნეულის მუნიციპალიტეტია.
„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ მისი ძმა, სიმონ მუმლაძე, მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოდან მისი აქტივობის გამო გაანთავისუფლეს.
აქტივისტის განცხადებით, დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა გიორგი მუმლაძე და მასთან ერთად კიდევ 5 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. ეს ინფორმაცია დაადასტურა შსს-მაც.