თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ხუთის სტაბილური.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 60 პაციენტია. ჩვენი კლინიკა ყოველწუთიერად იღებს პაციენტებს. გუშინ მივიღეთ 18 საეჭვო შემთხვევა. ლუგარში გაგზავნილია ტესტები და ველოდებით.
იცით, რომ გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი. აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხუთის – სტაბილური. მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი, რომელიც არის მარნეულიდან, 62 წლის, მისი მდგომარეობა დინამიკის ცვლილების გარეშეა, ანუ ვინარჩუნებთ ვიტალურ (სასიცოცხლო) პარამეტრებს. ოქსიგენაციის პარამეტრები მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტთან დადებითი დინამიკა მიღწეული გვაქვს. ერთადერთი მინდა გითხრათ, ხომ ამ ეტაპამდე ვინარჩუნებთ სიცოცხლეს“, – განაცხადა რატიანმა.
მარნეულში მცხოვრები ქალს, რომელიც 23 მარტს გადმოიყვანეს თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. კორონავირუსი მას 23 მარტს დაუდასტურდა. ის მარნეულში ჯეო ჰოსპიტალში 18 მარტს პნევმონიით შეიყვანეს. მალე მდგომარეობა დამძიმდა და ავადმყოფი გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. თავიდან ითქვა, რომ ქალთან შემხებლობაში მყოფი 86 კონტაქტი იყო იდენტიფიცირებული, დღეს კი კაკი ზოიძის განცხადებით კონტაქტების წრე გაფართოვდა და ის 1700-მდეა.
ამ შემთხვევის გამოვლენის შემდეგ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში პრემიერმა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა პოლიცია და ჯარი აკონტროლებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 66 დადასტურებული შემთხვევაა.