მარნეულში მცხოვრები ინფიცირებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე აღარ არის

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამჟამად 72 პაციენტია. მათ შორის 17 კორონავირუსით ინფიცირებულია, რომელთაგან ორი აპარატულ სუნთქვაზეა – ორივე სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში. დანარჩენები კი ინტენსიურ განყოფილებებში იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

მან ტელეკომპანია „პირველთან” კომენტარი  მარნეულში მცხოვრებ ქალზეც გააკეთა, რომელსაც 22 მარტს დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება.

„მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონი იყო კრიტიკულად მძიმე. რესპირატორული დისტრესი ჰქონდა და ეს უმძიმესი მდგომარეობაა მედიცინაში, მაგრამ ამჟამად სტაბილურად მძიმეა. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიტიკულიდან გამოსულია, მაგრამ მისი მდგომარეობა მაინც სტაბილურად მძიმეა”, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ. მისი თქმით, ქალის გამოჯანმრთელების პერსპექტივა უფრო არის, რადგან სასიცოცხლო ფუნქციები შენარჩუნებულია.

მისი თქმით, ორსული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პერიოდულად აღენიშნება 37 გრადუსი სიცხე. სხვა სიმპტომები არ აღენიშნება.

მისი თქმით, კლინიკაში მასობრივი შემოდინება  ჯერ არ არის, მაგრამ მისივე თქმით, უახლოეს დღეებში კლინიკებზე მიმართვიანობა და ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულია 100 პირი.