შსს-ს ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარსულში სხვადასხვა დანაშაულში მხილებული 4 არასრულწლოვანი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქალაქ მარნეულში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც დიდი ოდენობით ფულად თანხას დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო დაზიანებულ ჩარიცხვის აპარატებს მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნო.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის ნოემბერში, მარნეულში ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე მაღაზიაც გაქურდეს, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.