მარნეულში მუსლიმ შეიხს მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგება სახედრით უწევს

პუბლიკა

„პუბლიკის“ ინფორმაციით, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ წარმომადგენლებმა მარნეულის მერიას სიტყვიერად მიმართეს, რომ მათთვის ტრანსპორტის გამოყენების უფლება მიეცათ, რათა სხვადასხვა საჭიროების მქონე ადგილობრივი მოსახლეობა პროდუქტებით მოემარაგებინათ. მერიამ ამ თხოვნაზე მათ უარი უთხრა.

უარის შემდეგ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, შეიხმა მირტაგი ასადოვმა მოსახლეობისთვის პროდუქტის დარიგება სახედრის დახმარებით დაიწყო.

„ჩვენმა წარმომადგენელმა მერიას მიმართა, რომ მოსახლეობის უმეტესობა უკიდურეს მდგომარეობაშია და მათ დახმარება სჭირდებათ. მერიის წარმომადგენლებმა კი გვითხრეს, რომ მათ დახმარება არ შეეძლოთ, ამიტომ შევთავაზეთ, რომ ჩვენი მანქანით დავარიგებდით საჩუქრებს, რაზეც უარი მივიღეთ. სასულიერო პირებს მანქანით გადაადგილების უფლება მისცეს, ჩვენ კი – არა. ახლა იძულებულნი ვართ, ასე დავეხმაროთ ხალხს. აქვე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენს ქრისტიან დებსა და ძმებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული“, – განაცხადა შეიხმა მირტაგი ასადოვმა „მთავართან“.

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ორგანიზაცია მომხდარზე სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს.

„პუბლიკამ“ აღნიშნულ საკითხზე მარნეულის მერიას მიმართა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


17 აპრილს დღის 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. მოგვიანებით კი საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული აკრძალვა „საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა“. 

„როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის“, – განაცხადა საპატრიარქომ 17 აპრილს.