მარნეულში პირველი ციფრული სოციალური საწარმო „ტექგოგო“ გაიხსნა

პუბლიკა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პირველი ციფრული სოციალური საწარმო „ტექგოგო“ გაიხსნა.

„საწარმოში უკვე 12 ქალი/გოგონა სწავლობს. მათ 6 თვის განმავლობაში მენტორები გადაამზადებენ გრაფიკული დიზიანის/UX, სოციალური მედია მენეჯმენტისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. პროექტის მონაწილეები მარტოხელა დედები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გოგონები არიან, რომლებმაც უარი თქვეს ადრეულ ქორწინებაზე, ისწავლეს ქართული ენა და განათლების მიღებას აგრძელებენ. ჩვენი იდეის წარმატება ქალებისა და გოგონების პროფესიულ გაძლიერებასა და დასაქმებაზე გადის.“ – განაცხადა „ტექგოგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ქავთარაშვილმა.

გახსნის ღონისძიება მარნეულის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საწარმოს სასწავლო სივრცე, გასცნობოდნენ სასწავლო პროგრამებს და განეხილათ  სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

პროექტის ავტორთა ცნობით, ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი „ტექგოგო“ სოციალური საწარმოების ეკოსისტემაში პირველი უნიკალური მოდელის მქონე ციფრული სააგენტოა, რომლის მიზანს ქვემო ქართლში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიების დაუფლების ხელშეწყობა წარმოადგენს. „ტექგოგო“ აერთიანებს ციფრულ სკოლასა და სააგენტოს,  რომლის მისიაა დასაქმების ბაზარსა და ციფრული პროფესიული განათლების სივრცეში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა.