მარნეულში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს

პუბლიკა

გაეროს ქალთა ორგანიზაცია  COVID-19-ის დროს ქალების სოლიდარობის შესახებ წერს. მათი ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ სხვა აქტიურ ქალებთან ერთად სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა. რა თქმა უნდა, ქალებმა მუშაობისას სოციალური დისტანციაც დაიცვეს.

„სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ“, – ამბობს ნაირა პაქსაძე.

ნაირა პაქსაძე ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათემო მობილიზაციის პროექტშიცაა ჩართული.