მარნეული საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, დაპირისპირება „ოცნების“ მხრიდან იყო პროვოცირებული.
„კომისიის სხდომები ისე ჩაატარეს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ გააფრთხილეს და არ დაასწრეს. ეს ემსახურება არჩევნების გაყალბების მიზანს – ამასთან დაკავშირებით გადაწყვიტეს ჩვენი კომისიის წევრებმა, რომ ჩაეტარებინათ აქცია“, – ამბობს ენმ-ს წარმომადგენელი ლაშა ქველაძე.
„მოვიდა „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის, ამირან გიორგაძის გამოგზავნილი ადამიანი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდა, იმის მერე მთელი „ქართული ოცნების“ ხალხი გადმოვიდა ცესკოს მხარეს, დაიწყეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“, – ამბობს ენმ-ს მეორე წარმომადგენელი.
„ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი იყო, მოვიდა „ქართული ოცნების“ აქტივისტი, დაიწყო გინება ჩვენი მისამართით. მცირე ინციდენტი იყო. მოვიდა პოლიცია. ეს არის „ქართული ოცნების“ მეთოდი, ძალადობრივი მეთოდი. რვა წელია, ასე იგებენ არჩევნებს, – განაცხადა აზერ სულეიმანოვმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მტკიცებით, ენმ-ს წევრები მათ მხარდამჭერებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ერთ-ერთი მათგანი, ლაშა ქველაძე კი საუბნო კომისიაში შეიჭრა და „ოცნების“ წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მოვიდნენ, უნდოდათ აქცია ჩაეტარებინათ და მათი მხრიდან იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები ჩვენს მიმართ, “ქართული ოცნების” მიმართ. შემდგომ გავიგე, რომ მათი წარმომადგენელი ლაშა ქველაძე შევარდა შიგნით და ჩვენს წარმომადგენელს დაარტყა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაიკა აქვს შემოხეული“, – აცხადებს ის.
საოლქო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ადამიანთა ჯგუფი კომისიის შენობაში შეჭრას ცდილობდა და მათ მუშაობას ხელს უშლიდა, შემდეგ კი, კომისიის ერთ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„გარეთ მიმდინარე აქციის ფარგლებში ძალიან არასასიამოვნო ინციდენტები მოხდა. ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ჩემს თანამშრომელს და ხელს გვიშლიდნენ საოლქო კომისიას მუშაობაში. აპირებდნენ ჩვენთან შემოჭრას, რითიც მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის პარალიზება. ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს, ცოტნე ბოჭოიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც იკითხება სამართალდამცავების მიერ“, – განაცხადა საოლქოს თავმჯდომარე ანა ილურიძემ.
მომხდარს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციაში დაადანაშულა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკვე რამდენიმე დღეა და თქვენ ეს ფაქტები ყველამ მშვენივრად იცით, ცდილობენ „ქართული ოცნების“ წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა, დღეს, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მათი ასეთი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისინი უკვე ცესკოს თანამშრომელზე გადავიდნენ და აღნიშნული პიროვნება მათი ძალადობის მსხვერპლი გახდა“, – განაცხადა მდინარაძემ.
დაპირისპირების დროს ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა.
„სახეზე გვაქვს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცემის ფაქტი, რომელიც იქ მყოფ პირებს სთხოვდა განემარტათ, თუ რატომ ახდენდნენ მის ვიდეოგადაღებას ნებართვის გარეშე, რის პასუხადაც მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა; ასევე, სახეზე გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტი.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში იმგვარი ფორმების გამოყენება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ჩართულ მხარეებს, ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად, სრული შესაძლებლობა აქვთ მიმართონ შესაბამის სამართლებრივ ფორმებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომელიც ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს და მცდელობა აქვს შექმნას დაძაბული წინასაარჩევნო ფონი.
ამასთანავე, მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი უწყებების მხრიდან ჩატარდეს დროული მოკვლევა აღწერილ ქმედებაში დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.
დამატებით, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ის ბრალდებები, თითქოსდა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ შეატყობინა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს პირველი სხდომების გამართვის შესახებ, არის უსაფუძვლო და სიცრუის ტირაჟირება, ვინაიდან ყველა წევრთან ხორციელდებოდა მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე (ტელეფონის ნომრებზე) დაკავშირება. მათგან რამდენიმე არ გამოცხადდა სხდომაზე და რამდენიმესთან ვერ მოხერხდა დაკავშირება, მათ შორის შეუსაბამო ტელეფონის ნომრის მითითების გამო. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა 26-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამის სხდომებში, მათი გარკვეული რაოდენობა, როგორც უხუცესი წევრი, თავმჯდომარეობდა სხდომებს. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის აქტი, პირველი სხდომების მოწვევისთანავე, საჯაროდ გამოქვეყნებული იყო საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას“, – აცხადებენ ცესკოში.