მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები შეიცვლებიან, რათა არ შეწყდეს მომსახურების პროცესი - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები შეიცვლებიან, რათა არ შეწყდეს ან შეფერხდეს მოქალაქეების მომსახურების პროცესი.

ამის მიზეზი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა დაინფიცირება გახდა. ჯანდაცვის სამინისტროდან „პუბლიკას” განუცხადეს, რომ დღეს მარნეულის სასწრაფოს 9 თანამშრომელს დაუდასტურდა covid-19.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დღეს იყო გამოკვლევების პიკი, რადგან ჩატარდა 1328 კვლევა და მათგან ვირუსი დაუდასტურდა 16-ს. გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთა 32% ქვემო ქართლზე მოდის.

ამის გათვალისწინებით, გამყრელიძე ამბობს, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან კომუნიკაცია გასაძლიერებელია, მათ უნდა მიეწოდოს ორენოვანი ინფორმაცია, რათა მიიღონ სწორი ინფორმაცია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით და აღდგეს ტემპერატურის კონტროლი, დისტანცია და სიფრთხილე.

„ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ეს კვირა და მომავალი კვირა. ახლა, ორშაბათიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, რაც შიდა გავრცელება დაგვეწყო და ამიტომ მეტი სიფრთხილე, მეტი გამოვლენა და ყველამ იცოდეთ, თუ ვინმეს ტემპერატურა და რესპირაციული სიმპტომები აქვთ, მიმართონ ექიმს, მისი რჩევით იმოქმედონ. გაფართოებულია გამოკვლევების რაოდენობა და თუ დადებითია, სწრაფად, საწყის ეტაპზე მკურნალობა იძლევა კარგ შედეგს”, – განაცხადა გამყრელიძემ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ აკონტროლონ ტემპერატურა და საჭიროებისამებრ მიმართონ ექიმს.


მარნეულის მერიაში დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი და მარნეულისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ბოლნისსა და თეთრიწყაროშიც ჩავლენ.