მარნეულში საველე ჰოსპიტალის დემონტაჟი განახორციელდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მარნეულში საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა.

„გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალში“ კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს“, – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200-მდე პაციენტმა გაიარა.