ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროპულ გზას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ მიერ საქართველოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად მარტა კოსმა თქვა:
„საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საბჭოში იქნება მიღებული, ამიტომ ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებ. მაგრამ თქვენ იცით გაფართოების ანგარიშის დასკვნები და რეკომენდაციები. ეს გაფართოების ანგარიში ამბობს, რომ საქართველოში არის ისეთი დემოკრატიული უკუსვლა, როგორიც არ ყოფილა არცერთ სხვა ქვეყანაში.
ჩვენი მოლოდინია, რომ თუ საქართველოს უნდა წინსვლა ევროპულ გზაზე, მან ეს სხვანაირად უნდა გააკეთოს. ეს მთავრობას ეხება.
რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ იმისთვისაც, რომ მთავრობას ვუთხრათ, რომ არ არის სწორი, რომ არ ითვალისწინებენ იმას, რაც ხალხს სურს.
მე მართლა ვიმედოვნებ, რომ თქვენი ხალხის მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გზას დაუბრუნდება. თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტია“.
ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის თანახმად, რომელიც 2025 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდა, საქართველოში ვითარება მკვეთრად გაუარესდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების კუთხით. ანგარიშში ხაზგასმულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პატიმრობა, სასამართლო სისტემის სანდოობის შერყევა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა, დემონსტრანტების დაპატიმრებები, კანონმდებლობა, რომლის სამიზნეც სწორედ მედია, სამოქალაქო საზოგადოება, ასევე ლგბტქ ადამიანებია.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსიდან „მხოლოდ სახელი დარჩა” და რომ შედეგად „საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული”.
17 დეკემბერს ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატების გამართვა საქართველოს შესახებ. ევროპარლამენტარები საქართველოში დემოკრატიის კრიზისის გაღრმავების შესახებ ისაუბრებენ. დებატების ფარგლებში გათვალისწინებულია ევროპარლამენტარების, კომისიისა და საბჭოს განცხადებები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ.