კინოდოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია Facebook-ზე ეხმაურება თავისი და ნიკ ვოიგთის ფილმის, „ჯადოსნური მთის“ შესახებ კულტურის მინისტრის განცხადებას. რეჟისორი აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანს ფილმი აშკარად არ უნახავს. მისივე თქმით, მინისტრის გამოსვლა დისკრიმინაციული იყო.
„აშკარად თეა წულუკიანს ფილმი არ უნახავს, რადგან შეცდომაა, როდესაც ამბობს ვითომ ფილმში ტუბცენტრის „დასამარებაზე“ ვყვები. ფილმი შეესწრო ისტორიული შენობის გაცამტვერებას და ეს აისახა ფილმში. ტუბცენტრს ბიძინა ივანიშვილი ვერ დაასამარებს, რადგან ამ ინსტიტუციას ძალიან ძლიერი პროფესიონალები უმაგრებენ ზურგს. თუკი ფილმის ნახვა დააინტერესებს ქალბატონ მინისტრს, სიამოვნებით გავუგზავნი ლინკს და კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით ვუყურებ მასთან ერთად და ნახვის შემდეგ ვისაუბრებ მასთან“, – აღნიშნავს რეჟისორი.
მარიამ ჭაჭია მინისტრს მიუთითებს შეცდომაზე, რომ „დოკუმენტური ფილმი წინასწარ განსაზღვრული სცენარით უნდა დასრულდეს“.
„ალბათ ყველასთვის გასაგებია, თუკი ფილმი რეალურ ფაქტებს ასახავს, როგორ შეიძლება წინასწარ იყოს განსაზღვრული სცენარი. შეცდომაა! როდესაც ქალბატონი მინისტრი ამბობს, რომ დოკუმენტურ სცენარში ცვლილება დაუშვებელია და ეს მსოფლიო პრაქტიკაა. არა! დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს ყოველთვის გაქვს საშუალება მოვლენებს აუწყო ფეხი“, – წერს მარიამ ჭაჭია.
მისივე თქმით, ფილმის ზუსტად ეხმაურება სცენარს.
„შეცდომაა! როდესაც ქალბატონი მინისტრი ამბობს, რომ მოვატყუე კინოცენტრი და სცენარი შევცვალე. ფილმი ზუსტად ეხმიანება სცენარს, თუმცა ჩვენს ლოკაციაზე ბიძინა ივანიშვილი შემოიჭრა (ჩვენ არ წავსულვართ მასთან) და დაანგრია ის შენობა, რომელსაც წლების მანძილზე ვიღებდით და ეს ფილმში აისახა“, – აცხადებს რეჟისორი.
მარიამ ჭაჭიამ კულტურის მინისტრს შეახსენა, რომ ფილმს ორი რეჟისორი ჰყავს და აქცენტის მხოლოდ ქალ თანაავტორზე გაკეთება დისკრიმინაციულია.
„რატომ გეზიზღებათ ქალები, ქალბატონო მინისტრო? ამ ფილმს 2 რეჟისორი ჰყავს – კაცი და ქალი. იმით აპელირება, რომ ცუდი ფილმი ქალი რეჟისორის გადაღებულია, არის ქალი რეჟისორების დისკრიმინაცია. მთელი “შოუს” მანძილზე ქალბატონი თეა ჩემი სახელის ნაცვლად ჩემს სქესს მოიხსენიებს – ქალი რეჟისორი. ეს პირდაპირი ნიშნით დისკრიმინაციაა“, – აცხადებს მარიამ ჭაჭია და დასძენს, რომ „ჯადოსნური მთის“ დასრულებამდე ძალიან წარმატებული ფილმი აქვს გადაღებული – „მოუსმინე სიჩუმეს“, „რომელმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა დოკუმენტური ფილმების სფეროში. სიამოვნებით გაჩვენებთ, რომ გაგიქარწყლოთ ის ილუზია, თითქოსდა “ჯადოსნური მთით” ვცდილობ ყურადღების მიქცევას“.
„და ბოლო! ერთადერთი მართალი ფრაზა რაც გაჟღერდა ამ „შოუში“ იყო: „კინოცენტრი არავისი დუქანი არაა“. მართალია, ქალბატონო თეა. კინოცენტრი არის დამოუკიდებელი კინოინდუსტრიის დამფინანსებელი ორგანო და თქვენ არ უნდა საზღვრავდეთ, რომელი ფილმი უნდა დაფინანსდეს!“, – აცხადებს რეჟისორი.