საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტრადიციულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა, როგორ უნდა მოემზადოს საქართველო კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად და არის თუ არა საავადმყოფოებში შესაფერისი პირობები პრეპარატის შესანახად.
„იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს ვაქცინის მიმწოდებლებიდან და ასევე დონორი ორგანიზაციებიდან, არის ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ყველა იმ ასპექტს, რაც მოიცავს რეგულირებას, პერსონალს, ცივ ჯაჭვს და ა.შ. ამაზე მუშაობა მიდის; იანვრის ბოლოს დასრულდება გეგმის შემუშავება; ჩართულია მსოფლიო ბანკი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აზიის განვითარების ბანკი… ქართველების ექსპერტთა ჯგუფი ამ ყველაფერზე მუშაობს და ამ პირობას, რა თქმა უნდა, შევასრულებთ, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, რაც შეეხება ცივ ჯაჭვს, საქართველოს დღესვე შეუძლია, მიიღოს და დაიწყოს ვაქცინაცია სამი დაწინაურებული ვაქცინით:
AstraZeneca, რომელსაც 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურა სჭირდება; გაბუნიას თქმით, ამ ვაქცინის მიღება საქართველოს შეუძლია როგორც COVAX პლატფორმაზე, ასევე ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკების გზით.
მეორე არის Pfizer-ის ოფცია, რომელიც -70 გრადუსს საჭიროებს ვაქცინაციისთვის და გაბუნიას განცხასდებით, საქართველოში ასეთი რამდენიმე მაცივარი არის.
-20 გრადუსი სჭირდება Moderna-ს ვაქცინას. გაბუნიას მტკიცებით, ამის ტექნიკური შესაძლებლობაც არსებობს ქვეყანაში.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს იმუნიზაციის სფეროში, რის გამოც პერსონალის გადამზადება და ტექნიკური უზრუნველყოფა პრობლემა არ იქნება.
„ვფიქრობთ, რომ მარტი არის ის რეალური დრო, რომელიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ვაქცინაციის დასაწყებად, თუმცა თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, იქნებ ადრეც დავიწყოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.