მარტი-ივნისში საქართველოში 6,419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხები შეისწავლა. კერძოდ, გაანალიზდა 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემები.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საქართველოში მსხვილი რუსული კომპანიები ძირითადად შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ. საშუალო და მცირე ზომის რუსულ კომპანიებს კი საქართველოში, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების ნაწილი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირებული, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 13 500-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან. აღნიშნული კომპანიების 74% 2018-2022 წლებში არიან დარეგისტრირებული. 2022 წლამდე ერთ წელიწადში მაქსიმალური რაოდენობა – 1 180 კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა.

2020-2021 წლებში პანდემიის გამო რუსული კომპანიების რეგისტრაცია შემცირდა, 2021 წელს სულ 920 რუსული კომპანია დარეგისტრირდა. 2022 წლიდან რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრირებამ მნიშვნელოვნად მოიმატა, რაც ცალსახად რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 190 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მარტში – 2 140 კომპანია, აპრილში – 1 563, მაისში 1 351 და ივნისში – 1 175. ჯამში, 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში 6 419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

„ამგვარად, 2022 წლის მხოლოდ მარტი-ივნისში დარეგისტრირდა იმაზე 7-ჯერ მეტი კომპანია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში. მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 93% (5,990 ერთეული) ინდივიდუალური საწარმოა. შედარებისთვის, 2021 წელს დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის ინდივიდუალური საწარმოების წილი 51% იყო. ინდივიდუალური მეწარმეების 98%-ს არაქართული სახელი და გვარები აქვს“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.