მარტის აქციებზე დაკავებულ აკოფაშვილს 2-წლიანი პირობითი და ₾3000-იანი ჯარიმა დაეკისრა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-8 მარტის აქციისას დაკავებულ თორნიკე აკოფაშვილს 2-წლიანი პირობითი მსჯავრი და 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

თორნიკე აკოფაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. 10 მარტს 3 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმის წარმოება დღეს, 19 ოქტომბერს დასრულდა.

2023 წლის აპრილში „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თორნიკე აკოფაშვილმა თქვა, რომ ის ყოფილი სამხედროა. მსახურობდა საქართველოს თავდაცვის ძალებში, ხოლო რუსეთის შეჭრის შემდეგ, 10 თვის განმავლობაში უკრაინაში იბრძოდა.

2023 წლის მარტში საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული დეპუტატების ჯგუფი შეეცადა, დაემტკიცებინა კანონი, რომელიც „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს“ შეეხებოდა. კანონი არსით რუსული და რეპრესიული იყო. დოკუმენტის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დარეგისტრირებულიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის „წყარო უცხოური ძალაა“. ასევე, მმართველ გუნდს სურდა, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადამიანებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ და ზოგ შემთხვევაში, ისინი დაეპატიმრებინათ კიდეც.

რუსული კანონი ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. აქციების მმართველმა გუნდმა წყლის ჭავლით და წიწაკის სპრეით სცადა. საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ” კანონი მაინც მიიღო. თუმცა, მეორე დღესვე უკან დაიხია და თავადვე ჩააგდო.