მართლა გჯერათ, რომ აქციების გამო შევიტანეთ EU-ში განაცხადი? - სარჯველაძე ბოტკოველს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ენმ-ის წევრს, გიორგი ბოტკოველს უთხრა, რომ აბსურდია მათი მხრიდან იმის მტკიცება, თითქოს EU-ში საქართველოს განაცხადის შეტანას ხელი აქციებმა შეუწყო.

„ამას საკონფრონტაციოდ კი არ ვკითხულობ, მართლა ვკითხულობ, გულწრფელად გჯერათ ამის? მოსახლეობაშიც არ მგონია, ამას მაინცდამაინც დასაყრდენი ჰქონდეს, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ რა მინდა გკითხოთ, ფიქრობთ, ქართველი ხალხი მართლა ფიქრობს, რომ აქციების გამო ადგა ხელისუფლება და შეიტანა განაცხადი? და არა იმიტომ, რომ ეს ფანჯარა გაიხსნა ობიექტური მოცემულობის გამო, რომელთანაც საერთოდ კავშირში არაა ახლა თქვენი…“ – მიმართა მან გიორგი ბოდკოველს.

მიხეილ სარჯველაძემ ასევე თქვა, რომ თვითონ ოპოზიციაც ხვდება, რომ ეს ასე არ არის.

„დაახლოებით როგორაა იცით, ერთი ხუმრობაა… ეს აქციები მაგალითად, ამ ამბავს – ევროინტერგრაციას, განაცხადის შეტანას და ა.შ. ისე ეხმარებოდა, როგორც ასტრონომია პლანეტების მოძრაობას. ეს არის ფაქტი უდავო და თუ ფიქრობთ, რომ ვინმეს დააჯერებთ, აქცია რომ არ ყოფილიყო, არ შევიტანდით…  ეს ხომ აბსურდია, ხო. თქვენ თვითონაც ხვდებით“, – განაცხადა მან.