დღეს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს უსმენენ. თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
საუბრისას თალაკვაძე ბოლო ერთი თვის განმავლობაში აშშ-ის კონგრესიდან და ევროპარლამენტიდან მიღებულ წერილებსა და განცხადებებს გამოეხმაურა.
„ეს არის ჩვენ მიერ მიღებული, როგორც მეგობრების მოსაზრება და მივიჩნევთ, რომ საჭიროა პარტნიორებთან პირდაპირი და გულწრფელი საუბარი, არგუმენტების გაზიარება, რასაც ამ მომენტში ვაკეთებთ. მსურს, ჩვენი მეგობრები დავარწმუნო, რომ არჩევნები გაიმართება სამართლიანად და გამჭვირვალედ. საქართველო განუხრელად ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და ეს ასე იქნება მომავალშიც.
გასული წლის ნოემბრის მერე ჩვენმა თანაგუნდელებმა, ვინც პასუხისმგებელნი იყვნენ საგარეო ურთიერთობებზე, დატოვეს უმრავლესობა. მართლაც იყო შეფერხება კომუნიკაციაში. სამწუხაროა, რომ ასეთი რესურსი დავკარგეთ და მეგობრებო, მადლობას გიხდით გაწეული სამუშაოსთვის. დღეს უკვე კომუნიკაცია აქტიურია და არჩევნებამდე ჩვენს პარტნიორებს მივაწვდით ინფორმაციას თითოეულ საკითხზე, რომელიც საარჩევნო კონტექსტში მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თალაკვაძემ.