NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი დადებითმა შეფასებამ მოიკლო. ჯამში, ეკლესიას გამოკითხულთა 50% აფასებს დადებითად, აქედან 13% აფასებს ძალიან კარგად, 37% – კარგად. 25% ეკლესიის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 10% ცუდად, 2% კი – ძალიან ცუდად.
NDI-ის კვლევით, მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას 2015 წელს გამოკითხულთა 75% აფასებდა ჯამში დადებითად. შესაბამისად, კარგმა შეფასებამ 25%-ით იკლო.
შეფასების მიხედვით, სხვა ინსტიტუტებს შორის ეკლესია მეორე ადგილზეა. პირველ ადგილს, NDI-ის მიხედვით, საქართველოს ჯარი იკავებს, რომელსაც მოსახლეობის 52% აფასებს დადებითად, 11% კი – უარყოფითად.
ჯარსა და ეკლესიას საქართველოს პოლიცია მოსდევს. პოლიციას ჯამში 43% აფასებს კარგად, 19% კი – ცუდად.
ინსტიტუტების შეფასებაში ბოლო ადგილებს სასამართლები და პარლამენტი იკავებენ. სასამართლოებს გამოკითხულთა მხოლოდ 10% აფასებს დადებითად, 45% კი უარყოფითად. პარლამენტს კი, ჯამში, მოსახლეობის 9% აფასებს კარგად, ხოლო 57% ცუდად. სასამართლოებსაც და პარლამენტსაც მხოლოდ გამოკითხულთა 1% აფასებს ძალიან კარგად.
______________________________________________________________
აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.