„მართლმსაჯულების რეფორმა მთავარი ნაწილია შეთანხმებისა და ეს წინაპირობაა მაკროფინანსური დახმარების“ - შარლ მიშელი

პუბლიკა

„მართლმსაჯულების რეფორმა არის მთავარი ნაწილი 19 აპრილის შეთანხმებისა და ეს არის წინაპირობა მაკროფინანსური დახმარებისა საქართველოში“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტთან, პრემიერთან და ოპოზიციასთან შეხვედრის ფარგლებში განიხილა ის მოვლენები, რომლებიც ხდებოდა ბოლო პერიოდში საქართველოში და ასევე განიხილა, როგორ ხორციელდება 19 აპრილის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები.

როგორც შარლ მიშელმა განმარტა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომლებიც საქართველოში იმართებოდა.

„ჩემი მთავარი მესიჯი, ჩემი მთავარი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი საქართველოში ის არის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისა, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიის გათვალისწინებით.

კანონის უზენაესობა, ამ მიმართულებით წინსვლა, პოლიტიკური და მართლმსაჯულების რეფორმების გზით, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. მართლმსაჯულების რეფორმა არის მთავარი ნაწილი 19 აპრილის შეთანხმებისა და ეს არის წინაპირობა მაკროფინანსური დახმარებისა საქართველოში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომლებიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე ადგილობრივ ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელის განცხადებით, შეხვედრებზე მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მთავარ როლს თამაშობს ადამიანის უფლებები. მისი თქმით, უმცირესობების უფლებები არ არის მარგინალური საკითხი და  პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი არის უმთავრესი.

„მე ასევე გავნსაზღვრე და ხაზი გავუსვი დღეს, ყველა შეხვედრისას, რომ მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და ის თავისუფლებები, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

უმცირესობების უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და ასევე საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელმა განაცხადა, რომ პრესის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული ქვეყანაში.

„კონსტიტუციური უფლებები პრესის თავისუფლებისა და ასევე გამოხატვის თავისუფლებისა უნდა იყოს დაცული“, – თქვა მან.

შარლ მიშელმა მოუწოდა იმ პარტიებს, რომლებსაც ხელი არ აქვს მოწერილი 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომ მოაწერონ ხელი ხელშეკრულებას.