მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ძირითადი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე - დეგნანი

პუბლიკა

„ამის შეფასებას ევროპული კომისია გააკეთებს“ – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვირტიშვილის არჩევას.

„ამის შეფასებას გააკეთებს ალბათ ევროკავშირის კომისია. რაც შეეხება თავად მართლმსაჯულების რეფორმას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და არა მხოლოდ ნაწილი იმ 12 რეკომენდაციისა. ამაზეა საუბარი ასოცირების ხელშეკრულებაშიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის დაცვაზე. თავად პროცესი უნდა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა ოპოზიცია, ასევე დაინტერესებული მხარეები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ ინტერესი ამ სფეროსი, არამედ იმიტომაც, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი იდეები და მოსაზრებები“, – განაცხადა დეგნანმა. [„პირველი არხის“ თარგმანი]

კელი დეგნანის განცხადებით, მთავარია, რომ მოქალაქეებმა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით.

„მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს რეგიონებში და მიწევს მოსამართლეებთან შეხვედრა. შეხვედრა მქონია ძალიან ბევრ მოსამართლესთან, რომლებიც მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ძალიან ბევრი მათგანი არის ერთგული, თავისი საქმის პროფესიონალი. ვფიქრობ, მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ძალიან ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არის მოსამართლეების ნაკლებობა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით“, – განაცხადა დეგნანმა. [„პირველი არხის“ თარგმანი]

ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები საბჭოს მოსამართლე წევრებად 23 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციაზე დაამტკიცეს.

მართლმსაჯულების თემებზე მომუშავე ორგანიზაციების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სფეროს ექსპერტების ნაწილის მიერ ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანის გავლენიან წევრებად არიან მიჩნეულნი.