მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 2 460 000$-ს - პროკურატურამ 3 პირი დააკავა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივი  ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა 2021-2022 წლების პერიოდში დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომლის კუთვნილი აქტივებიც პროკურატურას დაყადაღებული ჰქონდა, სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირების სახელით, დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობისა და მიმდინარე გამოძიებაში მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების ცრუ დაპირებით, მოტყუებით გამოართვეს 2 460 000 აშშ დოლარი.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში 2022 წლიდან მიმდინარე  სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ცალკეულ პირთა დანაშაულებრივ საქმიანობის ფაქტზე პროკურატურის მიერ, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე ამოღებელ იქნა დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი რამდენიმე მილიონი ლარი, ასევე დაყადაღდა მათ საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონებები.

დაკავებულებმა ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით და 2021-2022 წლების პერიოდში, დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომლის კუთვნილი აქტივებიც ამოიღო და დააყადაღა პროკურატურამ, სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირების სახელით, დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობისა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების ცრუ დაპირებით, ეტაპობრივად, მოტყუებით გამოართვეს 2 460 000 აშშ დოლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ურთიერთშორის გაინაწილეს. შემდგომში კი, ფულის გათეთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებული თანხების დანაწევრებით და მათი უკანონო წარმომავლობის შენიღბვით, დაკავებულებმა  ოჯახის წევრებისა და ნათესავების სახელზე შეიძინეს ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაყადაღებული იქნა ბრალდებულების დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი ძვირადღირებული ქონებები და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები“, – წერია განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.