მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადგილობრივები შეიკრიბნენ, აივნის მოაჯირი გადავარდა და რამდენიმე ადამიანი მეორე სართულიდან ჩავარდა.
ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ადამიანები აივნიდან მას შემდეგ გადაცვივდნენ, რაც შენობის კარი გაიღო და აივანზე შეკრებილებს მიაწვნენ.
სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრის პრესსამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ დაშავდა 5 ადამაინი, ისინი მარტვილის „ევექსის“ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სასწრაფოს პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს მსუბუქი ტრავმა აქვთ.
TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, დაშავებულია არხის ოპერატორი ალეკო ხაზალია და ჟურნალისტი პაპუნა შუშანია.
„ევექსის“ კლინიკაში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ხუთივე მათგანს ჩაუტარდა სათანადო კვლევა, „სერიოზული დაზიანებები“ არც ერთს არ აღენიშნება.
კლინიკის დირექტორის, გიორგი ხორავას თქმით, მათ აღენიშნებათ სხეულის დაჟეჟილობა, მოტეხილობა ან სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება არ აქვთ. მისი თქმით, რამდენიმე საათიანი დაკვირვების შემდეგ დაშავებულებს კლინიკიდან გაწერენ. ექიმის თქმით, დამაკმაყოფილებელია TV პირველის თანამშრომლის მდგომარეობაც.
„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა ინფორმაციის მისაღებად, უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.