სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მარტვილის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა. 2 თვის ლეკვმა, რომლის დედა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ მიიკედლა, მიმკედლებელი დაკბინა.
სააგენტოს განცხადებით, მათ ინფორმაციის მიღებისთანავე პათოლოგიური მასალა დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
ლაბორატორიული გამოკვლევით ცოფი დადასტურდა. ამის ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და უპატრონო და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.
სეს წერს, რომ 2025 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ცოფის 5 შემთხვევაა გამოვლენილი.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად აცრან შინაური ცხოველები, რათა თავიდან აირიდონ ცხოველების ცოფით დაავადება.
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და დიაგნოსტიკურ ტესტირებას.
„აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველთა პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას.
პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად და შემდგომ მათი გარემოში დაბრუნება”. – აცხადებს უწყება.