მარტვილში მომხდარი ფაქტები დანაშულის ნიშნებს შეიცავს - კოალიცია

პუბლიკა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მარტვილში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

კოალიცია წერს, რომ აივნის მოაჯირის გადავარდნის დროს დაშავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლები, მათ შორის „TV პირველის“, „რუსთავი 2-ის“ ოპერატორები.

„დაშავებულებს შორის არიან “TV პირველის” ოპერატორი ალეკო ხაზალია და ჟურნალისტი პაპუნა შუშანია. ჩვენთვის ცნობილია, რომ სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებს ასევე აღენიშნებათ სხეულის დაზიანებები და ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება. ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიასთან ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერებას მოჰყვა.

გარდა სხეულის დაზიანებისა, გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებით შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები. სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები“, – წერს კოალიცია.


მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადგილობრივები შეიკრიბნენ, აივნის მოაჯირი გადავარდა და რამდენიმე ადამიანი მეორე სართულიდან ჩავარდა.

ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ადამიანები აივნიდან მას შემდეგ გადაცვივდნენ, რაც შენობის კარი გაიღო და აივანზე შეკრებილებს მიაწვნენ.

სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრის პრესსამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ დაშავდა 5 ადამაინი, ისინი მარტვილის „ევექსის“ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სასწრაფოს პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს მსუბუქი ტრავმა აქვთ.


ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, სტეფანემ (კალაიჯიშვილმა) ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა, დიაკონ ანანია კალანდიას კი ბოლო გაფრთხილება მისცა.