მარტვილში მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროდან „პუბლიკას“ აცნობეს, რომ მარტვილში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაახლოებით ერთი საათის წინ მიტროპოლიტ სტეფანეს მრევლი შეძახილით „წადი!“ დახვდა. მიტროპოლიტმა მათ მიმართა: „მღვდელი მრევლის უკან არ იფარება. ყველა დაინახავს ცოტა ხანში, ვინ არის მართალი და ვინ – მტყუანი. თქვენ შეიძლება მიყვიროთ, შეიძლება მეჩხუბოთ, მაგრამ მე მიყვარხართ და გაგათავისუფლებთ პროვოკატორი ძმებისგან“.

მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, სასულიერო პირების კრებაზე მიწვეული ყავდა ყველა, ვისაც კითხვების დასმა და საუბარი უნდოდა. მისივე თქმით, პასუხების გაცემის დრო რომ დადგა, სიტუაცია მედიამ გაამწვავა.

ის უარყოფს, რომ სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება იყო და ამტკიცებს, რომ ჟურნალისტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თვითონ კი სიტუაციის განსამუხტად გალობდა. მიტროპოლიტი ამბობს, რომ წინასწარ მომზადებული სცენარით განვითარდა მოვლენები.

„ფიზიკური დაპირისპირება პროვოცირებული იყო იმ ხალხისგან, ვინც აქ დგას. მე ყველა კითხვა ჩავიწერე, მაგრამ მღვდლებმა, რომლებმაც ეს ხალხი აქ მოიყვანეს, ატეხეს ხმაური და არ მომცეს საშუალება, პასუხი გამეცა. ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ, ეს არის მგლების შეთქმულება და ძალიან დიდი პრობლემა. ესაა დაგეგმილი პროვოკაცია, მე ეპარქიას არ დავტოვებ“, – აცხადებს მეუფე სტეფანე.

როგორც „რადიო თავისუფლება“ ადგილიდან იუწყება, ჭყონდიდის ეპისკოპოსის რეზიდენციაში შეკრებილებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. არქიმანდრიტი ათინოგენი გამოცემასთან ამბობს, რომ მათი მოთხოვნა გაფართოებული საეკლესიო კრების გამართვაა, სადაც მიტროპოლიტ პეტრე ცაავას დაყენებული ბრალდებები განიხილება.


მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში აივნის მოაჯირი გადავარდა და მეორე სართულიდან რამდენიმე ადამიანი გადაყვა. შედეგად, 6 დაშავებული, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები სასწრაფომ „ევექსის“ სამედიცინო ცენტრში მიიყვანა. „ევექსში“ „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მათი დაზიანებები მძიმე არ არის. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 1 დაშავებული მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს დამატებითი კვლევებისთვის.

მარტვილის ეპარქიაში მრევლის ნაწილი მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, სტეფანემ (კალაიჯიშვილმა) ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა, დიაკონ ანანია კალანდიას კი ბოლო გაფრთხილება მისცა. ამ გადაწყვეტილებას პეტრე ცაავას მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა.


კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ განაცხადა, რომ მარტვილში მომხდარი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებით შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები. სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები“, – წერს კოალიცია.