მარწყვის ფერმაში დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს დავა მოუგეს

პუბლიკა

გერმანიაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს. ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

შარშან გერმანიაში, მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის სამთავრობო დონეზე დადებული საშუამავლო ხელშეკრულებით რეგულირებული შრომითი ურთიერთობა იყო. თუმცა გერმანელმა დამსაქმებელმა ქართველ სეზონურ მუშებს გერმანიის კანონმდებლობასთან აშკარად წინააღმდეგობრივი ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე გაუფორმა. არც ერთმა დასაქმებულმა აღნიშნული ენა არ იცოდა. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ მუშები საათში 9.35 ევროს მიიღებდნენ, თუმცა დამსაქმებელმა ეს პირობაც დაარღვია.

საათობრივი ანაზღაურების ნაცვლად, ის ნამუშევარს 3 მოკრეფილი მარწყვის ყუთის პროპორციულად ანგარიშობდა. გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებმა სარჩელით მიმართეს გერმანიის სასამართლოს და მოითხოვეს 2021 წლის ივნისში დამსაქმებლის ბრალით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება „მინიმალური ხელფასის შესახებ“ გერმანიის კანონით დადგენილი ანაზღაურების ტარიფით.

სასამართლომ გაიზიარა ქართველი სეზონური მუშების მოთხოვნა, დარწმუნდა, რომ ქართველებს ჩასვლისთანავე სურდათ სრული დატვირთვით მუშაობის დაწყება, რისი საშუალებაც დამსაქმებელმა არ მისცა და ამყოფებდა იძულებითი მოცდენის პირობებში.

დადგინდა, რომ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს „მინიმალური ხელფასის შესახებ“ გერმანიის კანონით განსაზღვრულზე უფრო ნაკლები ოდენობით ანაზღაურებას, სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და ბათილია. სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის ხელზე ასაღები 1018 ევროს ოდენობით, ხოლო 01 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდისთვის 909 ევროს ოდენობით.

პროფკავშირის ინფორმაციით, ბრძოლა ქართულ სასამართლოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიმართ, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით გრძელდება.