დაკავებული პოლიციელის, სოსო გაბრიაძის ადვოკატმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპერესნიუსს“ უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არავის მოკვლა არ სურდა.
„ამ ადამიანს რომ ვინმეს მოკვლის განზრახვა ჰქონდა ან დაენახა თავის მიერ გასროლილი ბრმა ტყვია ვინმეს როგორ მოხვდა, მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია”. – ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით „ამ ტყვიამ, დაახლოებით, 600 მეტრი იფრინა, ჯერ საქმის მასალებში არ ჩამიხედავს. მე, როგორც ადვოკატმა, არ ვიცი, დამდგარი შედეგი არის თუ არა ამ ადამიანის მოქმედებასთან დაკავშირებული. თუმცა, ვიმეორებ, ის გასროლის ფაქტს ადასტურებს, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა, თუ არ ვცდები, ნასვამ მდგომარეობაში იყო“.
ადვოკატის თქმით, დაკავებული „ძალიან წუხს და ნანობს… მით უმეტეს, პოლიციელია. ადამიანს, რომელიც კანონს იცავდა, ედავებიან, რომ მისმა გასროლილმა ტყვიამ სრულიად უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა”.
____________________
გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით პოლიციელი დღეს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დააკავეს.
ეს მუხლი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, – ამბობს პროკურატურა.