მას შემდეგ, რაც შესუსტდება შეზღუდვები, უფრო მეტი აქტიური ტესტირება ჩატარდება – გაბუნია

პუბლიკა

ე.წ. აგრესიული ანუ მიზნობრივი ტესტირება მიმართულია იმისკენ, რომ მაღალი რისკის ჯგუფებში მოხდეს აქტიური სკრინინგი, რათა ნებისმიერი შემთხვევა, რომელსაც შესაძლოა კლინიკური გამოხატულება არ ჰქონდეს, გამოვლინდეს ტესტირების საფუძველზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტესტირებულთა რაოდენობა. საუბარია PCR ტესტით ტესტირებაზე.

მინისტრის მოადგილის თქმით, გაფართოვდა ლაბორატორიული ქსელი და  თუ ადრე ვსაუბრობდით დღეში 200-300 ტესტზე, დღეს ლაბორატორიებიდან მივიღეთ პასუხები 900-მდე ტესტზე და მათგან დადებითი შედეგი 2%-ს დაუდასტურდა. ამასთან, გაბუნიას თქმით, ტესტირებულთა რაოდენობა ქვეყანაში კიდევ გაიზრდება.

„მთავარი წუხილი, რაც შეიძლება მოსახლეობას ჰქონდეს – ხომ არ იპარება შემთხვევები, რომელთა გატესტვა და გამოვლენა არ ხდება და ეს შემთხვევები შესაძლოა იყოს პოტენციური ინფექციის წყარო. აქამდე მიზნობრივი, გნებავთ აგრესიული ტესტირება ტარდებოდა საკარანტინო სივრცეებში, ჯანდაცვის პროფესიონალებში, ასევე ადგილობრივი ეპიდრეაგირების გეგმის ფარგლებში – მოგეხსენებათ, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები რამდენიმე კვირაა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია და იქ ტარდება ძალიან აქტიური ეპიდზედამხედველობითი ღონისძიებები, რომელთაც სჭირდებათ პერიოდული გამეორება. გვაქვს გაწერილი გეგმა 2 ინკუბაციური პერიოდისთვის – ესაა ღონისძიებები, რომლებიც უნდა შესრულდეს 28 დღის განმავლობაში, ეტაპობრივად. ეტაპობრიობა ითვალისწინებს თერმოსკრინინგს, დადებით შემთხვევაში ნაცხის ანალიზს და გამოკვლევას, PCR მეთოდით, დადებითი შედეგის შემთხვევაში კი ეს ღონისძიებები ითვალისწინებს პაციენტის გადაყვანას მკურნალობის მიზნით. აღნიშნული პროცესი ტარდება მაღალი რისკის რეგიონებში, სადაც დაფიქსირდება  შემთხვვევების მომატებული რაოდენობა. ერთი ოჯახი ან 3-4 შემთხვევა,  კლასტერები, რომლებიც ყალიბდება კონტაქტების კვლევის საფუძველზე, საჭიროებს აგრესიულ ტესტირებას. ამას ვიყენებთ რამდენიმე თვეა, რაც ვირუსის გადაცემის თავიდან აცვილების მიზნით დავიწყეთ,“ –განაცხადა გაბუნიამ.

როგორც ის ამბობს, სტატისტიკა ადასტურებს, რომ უცნობი შემთხვევები დღეს პრაქტიკულად არ არსებობს – მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ტესტირებულთა რაოდენობა, პროპორციულად დადასტურებული შემთხვევები შემცირდა:

„კერძოდ, დღემდე გაიტესტა 10 177 პირი და მათგან ვირუსი დაუდასტურდა 456-ს. ეს კი, მინისტრის მოადგილის თქმით,  მარტივი მათემატიკაა, რომელიც ადასტურებს, რომ ტესტირებულებიდან დადასტურებული შემთხვევები მხოლოდ  4,5%-ია.  დღევანდელი შედეგი კი  2%-ს არ აღემატება, რაც ადასტურებს, რომ „საზოგადოებაში უცნობი შემთხვევები არის მინიმალური, თუკი საერთოდ არსებობს“, – ამბობს ის.

თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს  სამომავლო სტრატეგიის თანახმად, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც შესუსტდება შემზღუდავი ღონისძიებები,  უფრო მეტი აქტიური ტესტირება ჩატარდება, რათა დროულად მოხედ ყველა შესაძლო შემთხვევის იდენტიფიცირება.

შეზღუდვების მოხსნის სავარაუდო ვადები