მასალები გადაეგზავნა ინსპექტორის სამსახურს, დაიწყო გამოძიება - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციელის მიერ ახალგაზრდა კაცის ცემის ვიდეოკადრებზე მოკვლევა დაიყო და მასალები უკვე გადაეგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

მათივე ცნობით, იქსპექტორის სამსახურმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო”, – ნათქვამია განცხადებაში.


„ტელეკომპანია პირველი“ ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელზეც ჩანს, რომ სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცს ერთ-ერთ მეტროსადგურში ფიზიკურად უსწორდება.

ვიდეომასალაზე ასახულია, რომ სამართლადამცველს მოქალაქე  შეკრული ხელებით ესკალატორზე აჰყავს, შემდეგ კი ერთ-ერთ ოთახში შეჰყავს და თავისა და სახის არეში ურტყამს.