„მასე უკან სვლით გატარებ მე შენ, ჩანჩურა!“ - ხაბეიშვილს ხარაგაულში დაუპირისპირდნენ

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ხარაგაულის მერიაში მივიდა შეკითხვით, რატომ დაენიშნა ფულადი სოციალური დახმარება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით კიკნაძის ოჯახს, რასაც მას და მერიის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ინფორმაცია ამის შესახებ თავად ლევან ხაბეიშვილმა 2 დღის წინ გაავრცელა. მისი ცნობით, დავით კიკნაძეს შვილები სოციალურად დაუცველთა ბაზაში ჰყავს შეყვანილი, მისი ცოლი კი მერიის თანამშრომელია და ჯამში ოჯახს 4 ათასი ლარი აქვს შემოსავალი. ხაბეიშვილისვე ცნობით, კიკნაძემ 2021 წელს „ოცნებას“ 5 ათასი ლარი შესწირა.

„თქვენ დახმარებას აძლევთ, 4 ათასი ლარი რომ აქვს შემოსავალი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, იმავე პარტიას წარმოადგენს და თქვენი პარტია ძარცვავს ბიუჯეტს. 5 ათასი ხარაგაულელი ელოდება სოციალურ დახმარებას, ეს ქურდები და კრიმინალები ჯიბეში იდებენ ამ ფულს“, – მიმართა ხაბეიშვილმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის განყოფილების ხელმძღვანელს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის განყოფილების ხელმძღვანელი, კიაზო გამრეკელაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახის წევრების შეყვანა დანაშაული არ არის. მან ჟურნალისტებს სხვა განმარტება არ მისცა.

ამის შემდეგ დაპირისპირება გამწვავდა და ქუჩაში გაგრძელდა. ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, სავარაუდოდ, მერიის სხვა თანამშრომლები და „ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ და მას ტერიტორიის დატოვება აიძულეს.

პირდაპირი ეთერით გადმოცემული კადრებიდან ჩანს, რომ ხაბეიშვილსა და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისმოდა ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები.

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი ტყუის და მისი მოადგილის დახმარება კანონიერია. მან ხებიშვილის ხელით შეჩერება რამდენჯერმე სცადა და ენმ-ის წევრს შეურაცხყოფა მიაყენა.

ბარბაქაძე აცხადებდა, რომ „2007 წლის 7 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ავტომანქანა დაუწვა“.

„რა 7 ნოემბერი, 2022 წელია კალენდარზე. 7 ნოემბრის [შემოქმედთა] ნახევარზე მეტი თქვენ გყავთ პარტიაში, ყველა პოლიციელი თქვენ გყავთ. 2007 კი არა, 2022 წელია“, – უპასუხა მას ხაბეიშვილმა.

კადრებში ჩანს, რომ მანანა ბარბაქაძე ლევან ხაბეიშვილს ხელით შეეხო, რის გამოც ენმ-ის დეპუტატს თავისი თანმხლები პირები წინ გადაეფარნენ, ამას კი არეულობა და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

კადრებში ასევე ისმის ბრალდებები, რომ დაპირისპირება ენმ-ის წევრების პროვოცირებულია, რომ ხაბეიშვილი ან მისი თანმხლები პირები ხელით შეეხნენ  საკრებულოს თავმჯდომარეს.

„ჩანჩურა შენ, ჩანჩურა, კურდღელო! რად გინდა 5 დაცვა?! შენ თუ კაცი ხარ, დაცვა რად გინდა?! [საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სოციალური დახმარება] კანონიერად მიიღო. ეს ჩანჩურა რომ ჩამოვდა დაცვით, მასე უკან სვლით გატარებ მე შენ!“, – მიმართა მანანა ბარბაქაძემ ხაბეიშვილს.

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე მედიის ყურადღების ცენტრში ივნისში მოექცა, როცა მოსმენების კანონზე ვეტოს გამოყენების შემდეგ მან საქართველოს პრეზიდენტი დაწყევლა:

„შხამად გექცეს, რაც შენთვის ვიწვალეთ და ვიშრომეთ ქ.ნო სალომე. დღეს პრემიერის გამოსვლაც დაამუნათე. შენს რეზიდენციაში იმდენი ქმრის (2) ნათესავები გყავს, იმათ მაინც დაუჯერე. ყოველ შენს გამოსვლაზე, სისულელეებს აბრეხვებ… დაოკდი რა… „ოცნებას“ და ბიძინას დილა-საღამოს სანთლები აუნთე, მანდ რომ ბრძანდები. არ გიცნობდე მაინც“, – წერდა ის.

მანანა ბარბაქაძე 1978 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, ის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია და მოსკოვის პოლიციის აკადემია აქვს დამთავრებული.