რატომ ახსენებს ჩანაწერებში ბერა მინისტრებს | ღარიბაშვილის განმარტება

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიაში გასული აუდიოჩანაწერებისა და პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.

„ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია 11 წლის წინანდელი ჩანაწერების. პირველი – კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი. მეორე ის, რომ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან, ეს არის ფაბრიკაცია ჩვეულებრივი. საუბარი იყო იმაზე, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბრისას, რომ მინისტრები დამირეკავდნენ.

მინდა, განმარტება გავაკეთო მოსახლეობისთვის, ერთ-ერთი მთავარი კითხვა ეს იყო, მე მგონი.

მოგეხსენებათ, რომ მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს. ჩვენ ვმართავდით არაერთ პროექტს საქართველოში, 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ბატონ ბიძინას ამ ფონდის მეშვეობით. ბუნებრივია, მაშინ მე მიწევდა ურთიერთობა, პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მინისტრებთან, მათ შორის.

მე მქონდა არაერთი შეხვედრა აწ გარდაცვლილ ბატონ რურუასთან, ბატონ კვიტაშვილთან, განათლების მინისტრთან. მქონდა შეხვედრები, თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან. სააკაშვილის მეუღლესთან გვქონდა არაერთ პროექტზე მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენები გვიწევდა. პრეზიდენტის დედა, ქალბატონი გიული ალასანია ხშირი სტუმარი იყო ჩემი, როცა მე ვიყავი ფონდის პრეზიდენტი.

აქედან გამომდინარე, მე მგონი, პასუხი მარტივია, რომ პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. აქ არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, რატომ უნდა ყოფილიყო სხვა, ასე ვთქვათ, სხვანაირად აღქმული და გაგებული ეს საკითხი.

საუბარი იყო იმაზე, თითქოს ეს ჩანაწერები 2017 წელს იყო გაკეთებული. 2017 წელს მე ვიყავი ბიზნესში, 2015 წელს დავტოვე პოლიტიკა და 4 წელი აღარ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში, აქედან გამომდინარე, ეს არგუმენტიც საფუძველმოკლებული და არალეგიტიმური“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ჩანაწერებს პროვოკაცია უწოდა და მიხეილ სააკაშვილის სახელს დაუკავშირა.

ჩვენ კარგად გვესმის, რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია. ძალიან კარგად გვესმის, საიდან და ვისგან მოდის აღნიშნული პროვოკაცია. ეს, რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გამოიკვეთა რეალური კონტურები პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის, სწორედ მაშინ გამოიყენეს ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია.

რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი, დასაგმობი ჩვენი მხრიდან როგორც  ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. მე იმედი მაქვს, ოპოზიციის ჯანსაღი, კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება აღნიშნულ პროვოკაციას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.