ადამიანის უფლებათა დამცველი მარტა გორჩინსკა ავტომანქანით ვარშავის ცარიელ ქუჩებში მოძრაობდა, როცა ტექსტური შეტყობინება მიიღო – მისულიყო რონდო დმოვსკიევოსზე. იქ მოქალაქეებს ავტომანქანებით შეკრება უკვე დაეწყოთ. პოლონეთში მარტას მსგავსად ბევრ ადამიანს კარანტინის წესების დარღვევა მოუწია, რათა თავიანთი უფლებების დაცვისათვის ებრძოლათ.
როგორც CNN წერს, მოქალაქეებმა მანქანებით ვარშავის მთავარი მოედანი ჩაკეტეს. მანქანებიდან გაბმული საყვირით დემონსტრანტები ევროპაში ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი აბორტის შემზღუდავი კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას აპროტესტებდნენ.
„ზოგ მათგანს შავი ქოლგა ეჭირა – აბორტის უფლებისთვის მებრძოლი მოძრაობის სიმბოლო. „ქალები გაიფიცნენ“ – ყვიროდნენ სხვები, რომელთაც მანქანების მინებზე საპროტესტო პლაკატები აუკრავთ, სახეზე კი შავი პირბადეები გაუკეთებიათ. პოლიცია ამ დროს მეგაფონით აფრთხილებდა მათ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შეკრება აკრძალულია და მოუწოდებდა წასულიყვნენ სახლში“, – წერს CNN.
პოლონეთში ქალების პროტესტი საკანონმდებლო ორგანოს ნაბიჯებმა გამოიწვია. კონსერვატორმა დეპუტატებმა დააყენეს ინიციატივა, რომ აკრძალულიყო აბორტი ნაყოფის დარღვევების დროსაც, იმ ისედაც ერთ-ერთ გამონაკლის შემთხვევაშიც, როცა აბორტი ჯერ კიდევ დაშვებული იყო.
წინააღმდეგობრივი ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ საპარლამენტო კომისიას გადაუგზავნა განსახილველად. მოქალაქეები კი გამოწვევის წინაშე დააყენა, როგორ ებრძოლათ თავიანთი უფლებებისთვის პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების დროს.
მარტა გორჩესკა CNN-თან ჰყვება, რომ ხელისუფლებამ კარგად იცოდა რა მოჰყვებოდა ამ ინიციატივას სხვა სიტუაციაში. წლებია, ათასობით ქალი ქუჩაში გამოდის, რომ გააპროტესტოს აბორტის უფლების შეზღუდვა. თუმცა, სხვადასხვა საშუალებით, ონლაინკამპანიით, კორპუსების აივნებიდან თუ მანქანებით მოქალაქეების პროტესტი ახლაც შედგა.
როგორც პოლონეთში ამბობენ, აბორტის გამკაცრების ინიციატივა უფრო ფართო პრობლემის ნაწილია. ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემია და მის გამო მიღებული რეგულაციები დემოკრატიის შესასუსტებლად გამოიყენა. პოლონეთში 10 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და მრავალი მოწოდების მიუხედავად ხელისუფლება მის გადადებას არ აპირებს. არადა, ერთი მხრივ საგანებო მდგოამრეობის გამო ოპოზიციას კამპანია შეეზღუდა, პრეზიდენტი ანჟეი დუდა კი მუდამ ეკრანზე ჩანს. ამასთან, ხალხი, ასევე ევროპარლამენტი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ 10 მაისს არჩევნების ჩატარება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების რისკს მკვეთრად გაზრდის, მოქალაქეთა ნაწილს კი ხმის მიცემა გაუჭირდება, რაც მათი უფლებების დარღვევაა.
პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას არჩევნების გადადების იმედი ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ აბორტის უფლების კიდევ უფრო შეზღუდვა მეტად რეალური ჩანს. არადა, ქალების რეპორდუქციული ჯანმრთელობა, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ახალი შეზღუდვების გარეშეც არ არის მაღალ დონეზე.
აბორტის უფლება ქალებს ახლა მხოლოდ ნაყოფის დარღვევების, გაუპატიურების, ინცესტის ან დედისთვის შექმნილი სიცოცხლის რისკების დროს აქვთ. თუმცა, ამ შემთხვევებშიც, ქალებს, როგორც წესი, აბორტის გაკეთება უჭირთ.
მაგრამ ქალები დანებებას არ აპირებენ. დემონსტრანტები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება კარანტინის პირობებშიც კი. „ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, სოლიდარობა და ის, რომ კარანტინი არაფერს წყვეტს უფლებებისთვის ბრძოლაში“, – ამბობს მარტა გორჩინსკა CNN-თან.