მასკის კომპანია ამბობს, რომ უკრაინაში Starlink-ს ვეღარ დააფინანსებს

პუბლიკა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX აცხადებს, რომ  უკრაინას უფასოდ უფასოდ ვეღარ მიაწვდის Starlink-ის ტერმინალებს.

SpaceX-ის 8 სექტემბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც CNN-მა მოიპოვა, კომპანიის სამთავრობო გაყიდვების დირექტორი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს სწერს, რომ კომპანია აღარ აქვს საშუალება მიაწოდოს თავისი Starlink ტერმინალები, რომელიც გადამწყვეტია უკრაინის სამხედრო კომუნიკაციისთვის.

„ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ შემდგომში გავიღოთ ტერმინალები უკრაინისთვის, ან დავაფინანსოთ არსებული ტერმინალები განუსაზღვრელი ვადით“, – ნათქვამია SpaceX-ის წერილში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ პენტაგონმა თავის თავზე უნდა აიღოს დაფინანსება.

როგორც Politico წერს, Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სისტემა გადამწყვეტი იყო არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო კომუნიკაციისთვის, არამედ მთავრობისთვის, რათა შეინარჩუნოს კონტაქტი მეთაურებთან, ზელენსკის ინტერვიუების ჩასაწერად ჟურნალისტებთან, ასევე სამოქალაქო კომუნიკაციებისთვის, ახლობლების დასაკავშირებლად დაშიფრული თანამგზავრების საშუალებით.

SpaceX-ის თანახმად, სისტემების დაფინანსება 120 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება წლის ბოლოსთვის და მომდევნო 12 თვეში ფასი შეიძლება გაიზარდოს თითქმის 400 მილიონ დოლარამდე.

უკრაინამ დაახლოებით 20 ათასი Starlink-ის თანამგზავრი მიიღო. მასკმა გასულ კვირას განაცხადა, რომ „ოპერაცია SpaceX-ს $80 მილიონი დაუჯდა და წლის ბოლომდე 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს“.

CNN-ის მიერ ნანახ დოკუმენტებს შორის არის ასევე უკრაინელი გენერლის, ვალერი ზალუჟნის SpaceX-ისადმი თხოვნა, რომ დამატებით 8 000 Starlink-ის ტერმინალი მიეღოთ. გავრცელებული ინფორმაციით, SpaceX-მა მას ურჩია, რომ ამ მოთხოვნით აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისთვის მიემართა.