მასობრივ ტესტირებას აქვს თავისი დრო და გაკეთდება თავის დროზე - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. მან განაცხადა, რომ მასობრივ ტესტირებას თავისი დრო აქვს.

„მიზნობრივი ტესტირება ყოველთვის ამართლებს ხოლმე, რა თქმა უნდა მასობრივ ტესტირებას აქვს თავისი დრო და ადგილი და გაკეთდება თავის დროზე.

პირველ რიგში მინდა, დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა მარინა ეზუგბაიასადმი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი ინფექციონისტი ქვეყანაში და დღეს კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზეა. კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა და აქედან გამომდინარე  მე მარინას  გამონათქვამების კომენტირებას არ ვაპირებ”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.


გუშინ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რას უკავშირდება ის ფაქტი, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

„გუშინდელი დღე იყო, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობის კვლევა ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად ჩატარდა მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება, ალბათ, უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.